X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2 მილიარდის ღირებულების 6 000-ზე მეტ პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

3 ოქტომბერი 2019

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა მნიშვნელოვან პროექტს - ანაკლიის პორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას არ შერცხვება მას შემდეგ, რაც მან დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე რა თქმა უნდა მზად,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა დღეს განაცხადა, რომ "მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა".

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - განცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვას, ასახავს თუ არა ეს განცხადება ხაზარაძის მსოფლმხედველობას, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "კარგი კითხვაა და მე მგონი, ამ კითხვაში არის პასუხიც".

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძის სხვა შეფასებებსაც გამოეხმაურა.  

„ბატონმა მამუკამ დღეს ახსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში ისაუბრა გაჩერებულ ქვეყანაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის წელიწადია გაჩერებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის პორტი და უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ  თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა და რატომ ვერ მოახერხა მან 3 წლის განმავლობაში ინვესტორების ნდობის მოპოვება, რომ საკუთარ კაპიტალშივე 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზება მოეხერხებინა,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად მართავს რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6000 პროექტზე მეტს და ამ პროექტებში 800-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 25000 ადამიანია დასაქმებული. 

„ეს არის ის რიცხვები, რომელსაც როგორც ჩანს ბატონი მამუკა არ იღებს ყურად და  რისი გაგებაც მას არ სურს. რაც შეეხება ტენდერების გამჭვირვალობას და შესაძლო კორუფციას, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 1000 ტენდერზე მეტი გვაქვს გამოცხადებული, საიდანაც მხოლოდ 90 ტენდერი გასაჩივრდა დავების საბჭოზე და არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. გარდა ამისა, ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭვირვალე და დიახ, ვკითხოთ ბიზნესს რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ტენდერები. მე მოვუწოდებ პროკურატურას მოითხოვოს მამუკა ხაზარაძისგან სრული განმარტებები იმ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება ის ფლობდეს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს მსგავს თემებზე ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია.